იაშა მესხია,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო
პრემიის ლაურეატი
1979 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 34-ე სესიაზე კორუფციის ცნება განმარტეს როგორც თანამდებობრივი უფლებამოსილებების დაცვით ან დარღვევით გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, საზღაურის გამღების ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი ქმედება ან უმოქმედობა. მოკლე გაგებით კი კორუფცია ნიშნავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით, არსებობს კიდევ უამრავი განსხვავებული განმარტებებიც.სახელმწიფოს სიბრძნე და კანონი უნდა განაგებდეს პლატონი
მას ხშირად აიგივებენ კლეპტოკრატიასთან, რომელიც ნიშნავს ქურდობის ძალაუფლებას, ლუტოკრატიასთან, ანუ მძარცველთა ძალაუფლებასთან ან კიდევ პლუტოკრატიასთან _ მდიდართა ძალაუფლებასთან. ასეთი გაფართოებული მიდგომა კორუფციის შინაარსისა განპირობებულია იმით, რომ იგი თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან მანძილზე მუდმივად განიცდიდა სახეცვლილებას, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და მსოფლიო გლობალიზაციის გაღრმავების კვალდაკვალ ფართოვდებოდა მისი გავრცელების არეალიც. დღევანდელ ეტაპზე კორუფციამ გლობალური სახე მიიღო და ტრანსნაციონალურ მოვლენად იქცა. კორუფცია უკიდურესად ნეგატიურ გავლენას ახდენს ისეთ პოლიტიკურ და ცივილიზებულ ფასეულობებზე, როგორიცაა: დემოკრატია, ბაზარი, განვითარება და ა.შ. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში საფრთხის _ ტერორიზმის მასშტაბების ზრდა ბევრადაა დაკავშირებული კორუფციის გაფართოება-განვითარებასთან და მის გლობალიზაციასთან.
კორუფციის ნეგატიურ შედეგებს შორის განსაკუთრებით უნდა გამოიყოს შემდეგი: სახელმწიფო სახსრებისა და რესურსების არაეფექტური განაწილება და ხარჯვა; სახელმწიფო აპარატის მუშაობის ეფექტიანობის შემცირება; კერძო მეწარმეთა გაკოტრება; ეკონომიკური ზრდის შენელება; საერთაშორისო დახმარებების არამიზნობრივი გამოყენება; სოციალური უთანაბრობის ზრდა; ორგანიზებული დანაშაულებების ზრდა; საზოგადოებრივი მორალის დაცემა და ა.შ.
კორუფცია მისი კლასიკური ფორმით უმთავრესად მიმართულია ფინანსური რესურსების მითვისებისკენ. ექსპერტთა გაანგარიშებებით, საერთაშორისო დონორების მიერ ოფიციალურად გამოყოფილი დახმარებების ერთ მესამედზე მეტი არ მიდის საბოლოო მომხმარებლამდე და ილექება სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების მუხლში, უფრო ზუსტად კი კორუფციულ გარიგებათა მონაწილეების ჯიბეებში `ბონუსებისა~ და `ჯილდოების~ სახით. არსებობს მონაცემები, რომლის თანახმად, ღარიბ და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ქრთამებისა და სხვადასხვა კორუფციული სქემებით მიღებული 40 მილიარდამდე აშშ დოლარი ჩინოვნიკთა ანგარიშზე ყოველწლიურად ილექება ამერიკისა და ევროპის ბანკებში.
სწორედ კორუფცია და მექრთამეობაა მრავალი ქვეყნის ჩამორჩენილობისა და სიღარიბის მიზეზი. ასეთ დასკვნას აკეთებს 1993 წელს ბერლინში შექმნილი საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფი Transparency International (ტრანსპერენსი ინტერნეიშენალი), რომელიც თავისი კვლევის ყოველწლიურ შედეგს აქვეყნებს.
2002 წელს გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს განეკუთვნებოდნენ ბანგლადეში, ნიგერია, ანგოლა, მადაგასკარი, პარაგვაი, კენია და ინდონეზია, ხოლო ყველაზე არაკორუმპირებულებს: ფინეთი, დანია, ახალი ზელანდია, ისლანდია, სინგაპური, შვეცია და კანადა. ამ დროისთვის კორუფციის მკვეთრ ზრდას ჰქონდა ადგილი არგენტინაში, რომელმაც ცნობილი ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა თავისი საგარეო ვალების მომსახურება.
ამ ბოლო წლებში მსოფლიოში კორუფციის მხრივ მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება კიდეც. დღეისათვის არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც კორუფციისგან აბსოლუტურად სუფთა იყოს. `კორუფციის აღქმის ინდექსი~, რომლითაც ხდება კორუფციის ხარისხის კრიტერიუმით ქვეყნების ათბალიანი რანგირება, 2008 წელს ყველაზე გამჭვირვალე იყო დანიაში, შვეციაში და ახალ ზელანდიაში (9,3 ქულა), წინა წლებში მათი ქულები აღწევდა 9,8 - 9,9-ს, ანუ პრაქტიკულად თავისუფალი იყვნენ კორუფციისაგან. 2008 წელს გამოკვლეული 180 ქვეყნიდან ყველაზე კორუმპირებული იყო სომალი (1 ქულა). სიტუაცია გაუარესდა დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ბულგარეთში, გაუმჯობესდა _ კვიპროსში, ალბანეთში, თურქეთში.
საქართველოში კორუფციამ ხანგრძლივი ისტორიული გზა განვლო. რომ არაფერი ვთქვათ წინა საუკუნეებზე და საბჭოურ პერიოდზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საწყის ეტაპზე კორუფციის მხრივ საქართველო აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნების გვერდით იდგა. 2004 წელს `კორუფციის აღქმის ინდექსით~ საქართველოს 2 ქულა ჰქონდა (10 შესაძლებლობიდან), რაც კორუფციის მაღალ დონეზე მიანიშნებდა. `ვარდების რევოლუციის~ შემდგომ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. 2007 წელს კორუფციის ინდექსით საქართველომ 180 ქვეყანას შორის 79 ადგილი დაიკავა, მაშინ როდესაც რუსეთი აღმოჩნდა 143 ადგილზე, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელორუსი და აზერბაიჯანი _ 160 ადგილზე, უკრაინა _ 118 და მოლდავა _ 111 ადგილზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარეიტინგო სამსახურების შეფასების ობიექტურობაზე თანდათანობით ძლიერდება ეჭვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც ჩანს მათ დაკარგეს ობიექტური ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა და შესაბამისად, საბოლოო შეფასებები საზოგადოებრივ აზრს მნიშვნელოვნადაა დაშორებული. როგორც ცნობილია, მათი გამოკვლევები ეფუძნება ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტთა, ანალიტიკოსთა და ბიზნესმენთა გამოკითხვებს და სხვადასხვა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების კვლევებს, რაც ჩემის აზრით, ხშირ შემთხვევაში მოწყვეტილია რეალურ ფაქტებს და დამახინჯებულია. უფრო მეტიც, ზოგიერთი სააგენტოები, საქართველოსთვის კორუფციის მაღალ დონეს გამართლებულად და ობიექტურ მოვლენად თვლიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყანა გამოუსწორებელი და დაბალი კულტურისაა. მაგალითად, გასულ წელს აშშ-ს სავაჭრო პალატამ კვლევები ჩაატარა საქართველოს საბაჟოზე და დაასკვნა, რომ კორუფციის მხრივ მდგომარეობა უმჯობესდება და იგი შემცირებულია 20 პროცენტამდე. მათი აზრით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა კორუფციის 20%-იანი დონე მისაღებია. ჯერ ერთი, ძალიან საეჭვოა, რომ კორუფცია ჩვენს საბაჟოებზე ასეთი დაბალი იყოს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უცხოელებს არა აქვთ იმის უნარი ჩაწვდნენ იმ ინოვაციურ კორუფციულ ლაბირინთებში, რაც ჩვენს საბაჟო სისტემაშია ჩახლართული. მეორეს მხრივ, 20 პროცენტიანი კორუფციის დონის დამაკმაყოფილებლად და მისაღებად გაცხადება, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყნისადმი უპატივცემულობა და შეურაცხყოფაა.
ვარდების რევოლუციამდე საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონდა კორუფციის დონის შემცირების მოლოდინი. `გლობალური კორუფციის ბარომეტრის~ მიერ 2003 წელს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობამ კორუფციის იერარქიის შემდეგნაირი რანგირება მოახდინა: პოლიცია; საგადასახადო და საბაჟო სისტემა; სასამართლო; ჯანდაცვა; პოლიტიკური პარტიები; პარლამენტი; კერძო სექტორი; კომუნალური მომსახურება; სამხედრო სექტორი; მასმედია (არასამთავრობო) სექტორი; ეკლესია. ამ პერიოდისათვის საზოგადოებამ ყველაზე კორუმპირებულად მიიჩნია პოლიცია, ხოლო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულად _ ეკლესია.
2005 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავდა ანტიკორუფციული სტრატეგიის განმსაზღვრელი კონცეპტუალური დოკუმენტი და შესაბამისად გატარდა რიგი ინსტიტუციონალური ცვლილებები, რომლის მიზანი იყო კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა. ამ კუთხით გატარებული ღონისძიებებიდან ზოგიერთი პოლიტიკური კონიუნქტურული ფონის მატარებელი იყო (კორუმპირებულთა შერჩევითი დასჯა), თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა საკმაოდ მაღალი შედეგი გამოიღო (საგზაო პოლიცია, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების რეფორმირება). ამავე დროს გატარდა ისეთი სარეფორმო ღონისძიებებიც, რომლებმაც მოსალოდნელი პოზიტიური შედეგები არ გამოიღო (ფინანსური ამნისტია, საკადრო რეფორმები და სხვ.). მთლიანობაში კორუფცია მისი გამოვლენის ტრადიციული ფორმით და შინაარსით მნიშვნელოვნად შეიზღუდა, მაგრამ, ამავე დროს აღმოცენდა მისი ახალი სახეები, რომლებიც თავისი მასშტაბებით და მოცულობით არანაირად არ ჩამოუვარდება კორუფციის ადრინდელ ფორმებს.
კორუფციის ტრადიციული ფორმებისაგან დღევანდელ ეტაპზე საფრთხეების შემცველია ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების შემდეგი სფეროები:
- სახელმწიფო ხარჯები: `ვარდების რევოლუციამდე~ კორუფციის მხრივ ყველაზე დიდი საფრთხეების შემცველი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, კერძოდ, საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. სახელმწიფო მოხელეს (საგადასახადო ინსპექტორს) და მეწარმეს შორის კორუფციული გარიგებების შედეგად საგადასახადო შემოსავლების უმეტესი ნაწილი ვერ აღწევდა ბიუჯეტამდე და ნაწილდებოდა ხელისუფლების სხვადასხვა დონის კორუფციულ მოხელეებს შორის. ამჟამად საბიუჯეტო სფეროში კორუფციამ მნიშვნელოვნად იკლო საშემოსავლო ნაწილში და მისმა ვექტორმა გადაინაცვლა ხარჯვით ნაწილში. სახელმწიფო ბიუჯეტში (ასევე ადგილობრივ ბიუჯეტში) წარმოდგენილია ასიგნების ისეთი მუხლები, რომლებიც აშკარა კორუფციული საფრთხის შემცველები არიან. საუბარია ბიუჯეტში უხვად მიმობნეულ უცნაური დასახელების, უშინაარსო, ბუნდოვან, არაეფექტიან და ხელოვნურად შეკოწიწებულ პროგრამებზე, რომლებსაც ზედაპირული შეხედვითაც კი კორუფციის დამღა ადევთ. მათ შორისაა, უცხოური გრანტების და ბიუჯეტის თანადაფინანსებით წარმოქმნილი პროგრამები, რომლებშიც კორუფციული გარიგებების ალბათობა საკმაოდ მაღალია. სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა პროგრამების შედგენისა და დამტკიცების გარეშე ასიგნებების გამოყოფის პრაქტიკა, ამასთან ერთი და იგივე პროგრამა წლების განმავლობაში უსაფუძვლოდ მეორდება ბიუჯეტში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობით უცხოური დაფინანსებით პროგრამების შესრულებისა და ეფექტიანობის მონიტორინგის არანაირი მექანიზმი და ბერკეტი არ არსებობს, რაც თავის მხრივ, ზრდის კორუფციულ რისკს. მთლიანობაში ბიუჯეტის დაგეგმვის დღევანდელი ტექნოლოგია მაღალი კორუფციული რისკის შემცველია.
- სახელმწიფო შესყიდვები. სახელმწიფო შესყიდვების მოცულობა წლიდან წლამდე მაღალი ტემპებით იზრდება. ეს სფერო კორუფციისთვის ყველაზე ხელსაყრელი და შედარებით ძნელად კონტროლირებადია. შესყიდვების სფეროში კორუფციული გარიგება შეიძლება ორ ეტაპად დაიწყოს. პირველი, მაშინ, როდესაც ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების დაგეგმვა და საერთო ხარჯების სტრუქტურაში შესყიდვების მოცულობის ფორმირება. ამ შემთხვევაში კორუფციული გარიგებების სუბიექტურად შეიძლება გამოდიოდეს მიმწოდებელი (ფინანსთა სამინისტრო) და მომხმარებელი (მხარჯავი ორგანიზაცია). მეორე ეტაპზე გარიგება შეიძლება მოხდეს მხარჯავ დაწესებულებასა და კერძო სტრუქტურას შორის. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ფორმალურად სახელმწიფო შესყიდვები ხდება კანონის დაცვით, თუმცა, თავად კანონი `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ უამრავი კორუფციული `ხვრელების~ შემცველია. შესყიდვების პროცესში კორუფციული გარიგებების ტექნოლოგია კარგადაა დამუშავებული. სატენდერო კომისიაზე შეუძლია იმ კომპანიას გამარჯვება, რომლისკენაცაა სუბიექტური სიმპათია გამოხატული. კორუფციული გარიგების საგანი შეიძლება იყოს შესასყიდი ფასები და `საკომისიო~ გადასახადები (`ოტკატი~). დასამალი როდია, რომ ამ სფეროში კორუფციის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება. ასევე კორუფციული ნიშნების შემცველია შესყიდვების სატენდერო წესისგან თავის არიდება, რასაც საბიუჯეტო დაწესებულებები სხვადასხვა ხელოვნურად შეკოწიწებული მიზეზებით ხშირად აღწევენ ხოლმე. ერთ პირთან მოლაპარაკებით მრავალმილიონიანი შესყიდვების განხორციელება მუდმივ კორუფციულ ნიშნებს შეიცავს და ეს სახელმწიფო ფინანსური კონტროლის დროს ხშირად ვლინდება, რომელთა გამომზეურებისა და განხილვის დრო ალბათ უთუოდ დადგება. აშკარაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო სექტორში (რომელთა უმეტეს ნაწილს უკან სახელმწიფო მოხელეები დგანან და რომლებიც სისტემატურად `იმარჯვებენ~ ტენდერებში) კანონდარღვევებით თანხების გადაქაჩვით უზარმაზარი ზარალი ადგება სახელმწიფოს.
- სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია. პრაქტიკა ადასტურებს, რომ პრივატიზაციის პროცესს თითქმის ყველა ქვეყანაში თან ახლავს კორუფცია. პრივატიზაციისას კორუფციული გამოწვევები შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც სახელმწიფო მოხელეების (გამყიდველის), ასევე კერძო სექტორის (მყიდველის) ინიცირებით. კორუფციული გარიგებების ტექნოლოგია ამ შემთხვევაში შემდეგნაირია: მყიდველი ურიგდება გამყიდველს გასაყიდი ობიექტის ფასის შემცირებაზე იმ პირობით, რომ `მომსახურება~ სათანადოდ ანაზღაურდება. როდესაც აუქციონზე რამდენიმე კონკურენტი მონაწილეობს (მათ შორის, უცხოელი), პრივილეგია ენიჭება ყველაზე `ხელგაშლილ~ მონაწილეს. ეს თითქოს თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაშიც ფაქტობრივად ამგვარად ხდება და არც თუ იშვიათად. როგორც პრაქტიკა ადასტურებს, საქართველოშო პრივატიზაციიდან ყოველი მეორე კანონდარღვევის შემცველია. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ყველა მათგანი საზოგადოების განხილვის საგანი გახდება და ბევრი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. საზოგადოებას სამართლიანად არ სჯერა უანგარო პრივატიზაციის და ამ ეჭვებს აღრმავებს ის გარემოება, რომ პრივატიზაციის პროცესი არაა გამჭვირვალე, იგი მცირე ჯგუფის მიერაა მისაკუთრებული. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ საზოგადოებამ არ იცის, ვინ დგას მსხვილი პრივატიზებული ობიექტების უკან. ეჭვს იწვევს ისიც, თუ რატომაა პრივატიზებული ობიექტების მესაკუთრე გაურკვეველი კომპანიები, რომლის უმეტესი ნაწილი ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული.
- ინვესტიციური პროექტები. უცხოური კრედიტები. გრანტები. დახმარებები. ეგზოგენურად მიღებული ყველა სახის რესურსი მაღალი კორუფციული რისკის შემცველია, რადგან კორუფციული საფრთხე მიმდინარეობს როგორც დონორი, ასევე რეციფიენტი ქვეყნის წარმომადგენლებისგან. უცხოური ინვესტიციების მართვას ახორციელებენ სახელმწიფო მოხელეები. მათ გააჩნიათ ყველანაირი ბერკეტი მსხვილი ინვესტიციები განათავსონ იმ ადგილობრივ ან უცხოურ კომპანიებში, რომლებიც მას `დაიმსახურებენ~, ანუ შესაბამის რენტას გადაიხდიან. `წილში ჩაჯდომის~ ტექნოლოგია ძალაშია. ასევე კორუფციული რისკის შემცველია უცხოეთიდან მიღებული თითქმის ყველა სახის მატერიალური და ფულადი სახის შემოსულობები. საქმე იმაშია, რომ გარედან მიღებული ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. არაა დანერგილი განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებადი ეფექტიანობის აუდიტი. ამის შედეგად სახელმწიფო მოხელეებს ფინანსური დახმარებების, გრანტების და სხვა ეგზოგენური შემოსულობების ხარჯვის მიზნობრიობის შეცვლის დიდი არეალი გააჩნიათ, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამის მრავალი პრაქტიკული მაგალითი არსებობს ამ ბოლო წლებში, რადგან ჯერჯერობით გახმაურებულია მხოლოდ თურქეთის 30 მილიონიანი კრედიტის მითვისების საქმე, თუმცა დღემდე არავინ დასჯილა.
- საბიუჯეტო ფონდები. საქართველოში მოქმედი საბიუჯეტო კანონმდებლობა ითვალისწინებს ძირითადად სამი ფონდის არსებობას: საქართველოს პრეზიდენტის ფონდი; საქართველოს მთავრობის ფონდი; საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი. აღნიშნული ფონდებიდან თანხების მიზნობრივ, კანონიერ და ეფექტიან ხარჯვაზე სახელმწიფო კონტროლი იმდენად სუსტი და არაკომპეტენტურია, რომ საეჭვოა იმ ჩინოვნიკებმა, რომლებიც ახდენენ ამ ფონდების მართვას, არგუმენტირებული პასუხი გასცენ პრობლემურ კითხვებზე. რაც შეეხება `რეგიონულ ფონდს~ აქ მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ მისი კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. საქმე იმაშია, რომ რეგიონებში ინვესტიციური პროექტების რეალიზაცია ხდება სხვადასხვა წყაროებიდან გამოყოფილი სახსრებით (ადგილობრივი ბიუჯეტი, სახელმწიფო ბიუჯეტი, გრანტები, შემოწირულობები და ა.შ.) რომელთა ბუღალტრული განცალკევება ან ანგარიშგებაში ავტონომიური ასახვა ვერ ხერხდება და შესაბამისად ვერც გაკონტროლდება. მოკლედ რომ ვთქვათ, აღნიშნული ფონდი დიდი კორუფციული რისკის შემცველია და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჰორიზონტალურ ჭრილში თითქმის ჩაშლილია სახელმწიფო ზედამხედველობა, დასაშვებია რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ნაწილი არამიზნობრივად, არაეფექტიანად და კორუფციულად იხარჯება.
- კერძო სექტორი. კორუფცია ფართოდაა ფეხმოკიდებული კერძო სექტორშიც. ამ სენით დაავადებულია მთელი მსოფლიო და არც საქართველოა გამონაკლისი. კორუფცია სულ უფრო მძლავრად იკიდებს ფეხს არასამთავრობო და არაკომერციულ სექტორებში, პროფკავშირებში, მასმედიაში, ეკლესიაში, საქველმოქმედო ორგანიზაციებში. კერძო სექტორში ყველაზე კორუფციული უბანია კონტრაქტები, ხელშეკრულებები, შესყიდვები, კადრების მიღება და ა.შ. კორუფციული შინაარსისაა მონოპოლისტ კომპანიებს შორის ფარული გარიგებები საქონელზე და მომსახურებაზე ფასების დაწესების თაობაზე. კორუფციული ბუნებისაა სახელმწიფოს მხრიდან `ერთგული~ კომპანიებისთვის მონოპოლიური გარემოს შენარჩუნება და მათთვის დაუმსახურებელი პრეფერენციების გაცემა. ამის მაგალითების ჩამოთვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. განსაკუთრებით ეს მკაფიოდ ჩანს საბანკო სექტორში. კომერციული ბანკების ერთი ნაწილი ეწევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, რაც მაღალი კორუფციული რისკების შემცველია. ასევე კორუფციული გარიგებების მეშვეობითაა ჩამოყალიბებული არაერთი მსხვილი კერძო კომპანია, რომელთა უკან კვლავაც დგანან ყოფილი და ამჟამინდელი სახელმწიფო ჩინოვნიკები. კერძო სექტორის კორუმპირებულობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მათი დიდი ნაწილი სათანადო მხარდაჭერისა და პრივილეგიების მოპოვების მიზნით უხვად აფინანსებს როგორც მმართველ, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს და აქტიურად ერევა საარჩევნო კამპანიაში.
ადრე ამ ტიპის კორუფციაზე მოდიოდა კორუფციულ გარიგებათა უმეტესი ნაწილი. დღეისათვის წინა პლანზე წამოიწია `საქმიანმა" კორუფციამ, რომელიც ვლინდება ანგარებითი გარიგებით მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელესა და ბიზნეს-სექტორს შორის.
კორუფციის ტრადიციული ფორმების პარალელურად მიმდინარეობს მისი ახალი სახეების წარმოშობისა და განვითარების პროცესი. ასევე ახლებურ შეფერილობას იღებს კორუფციის ისეთი ფორმები და წყაროები, როგორიცაა: პატრონაჟი, მოქრთამვა, გამოძალვა, გაფლანგვა, იძულების გამოყენება, ნეპოტიზმი, ტრეფიკინგი, აგრეთვე სახელმწიფო მოხელეთა კორუფცია ორგანიზებული კრიმინალური ქმედებების ფორმით: ნარკობიზნესი, ფულის გათეთრება, პროსტიტუცია და სხვ. მათ შორის, ცალკე უნდა აღინიშნოს ლობირების ინსტიტუტი, რომელმაც საქართველოში აშკარა კორუფციული სახე მიიღო და შედეგად არაერთი კორუფციული ორიენტაციის სახელმწიფო კანონი იქნა მიღებული. კორუფციული ბუნებისაა აგრეთვე მაღალი თანამდებობიდან გადამდგარი ზოგიერთი პირისთვის ძვირადღირებული უძრავი (ან მოძრავი სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად მიყიდვა ან ჩუქება.
ასევე ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელების მიერ გატარებული პოლიტიკის მხარდაჭერისა და ლობირების მიზნით ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა დასაჩუქრება სახელმწიფო ქონებით მიანიშნებს დემოკრატიის განვითარების დაბალ დონეზე.
კორუფციის ახალი სახეობებისა და ფორმების ფორმირების საფუძველი, ფულადი ქრთამის ჩანაცვლება მომსახურების გაცვლით და კორუფციის გადაადგილებით მართვის ქვედა და საშუალო დონიდან უმაღლეს იერარქიამდე. კორუფცია თანდათანობით უხილავი და ვირტუალური ხდება, იგი ღებულობს ინტელიგენტურ შეფერილობას და ერთი შეხედვით კანონის ფარგლებს არ სცილდება. კორუფციის ამ ახალმა სახეობამ მიიღო ელიტარული კორუფციის სახელწოდება, რომლის მოქმედების არეალი ძირითადად პარტიულ და თანამდებობრივ ძალაუფლებაზეა დაფუძნებული.
ელიტარულ კორუფციას ფართო გასაქანი ეძლევა იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება დაკომპლექტებულია არა პროფესიონალიზმის და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით, არამედ ერთი ასაკისა და დაახლოებით ერთნაირად მოაზროვნე ერთი იდეოლოგიის მქონე, ურთიერთ და ზემდგომისადმი ერთგული მოხელეებით, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ ნებისმიერი კანონიერი თუ უკანონო დავალება, ისე რომ მათ სამართალდარღვევაზე პასუხს არ აგებინებენ (გამონაკლისების გარდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება).
სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში სახელისუფლებო სტრუქტურების დაკომპლექტება ძირითადად ხდება პარტიული ნიშნით, მაგრამ ხელმძღვანელი კადრების შერჩევა ხდება მხოლოდ პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობის, პატიოსნების, პრინციპულობისა და გამოცდილების კრიტერიუმებით. დემოკრატიის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყნებში ასეთი ნიშნებით შემკობილი ადამიანური რესურსების დეფიციტი ნამდვილად არ არსებობს. მაგრამ იმ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, სადაც პოლიტიკური პარტიები არაა აკადემიურად ჩამოყალიბებული და ძირითადად ფუნქციონირებენ არა იდეოლოგიური ნიშნებით გაერთიანებულნი, არამედ მეგობრული, მეზობლური, ნათესაური და სხვა ყოფითი კრიტერიუმებით ორგანიზებული ჯგუფები, რომელთა ძირითადი მიზანია პოლიტიკური კუთხით პირადი პრივილეგიების მოპოვება, ცხადია, ასეთი პოლიტიკური გაერთიანებების შემთხვევაში ხელისუფლებას მეტად ღარიბი საკადრო რესურსი გააჩნია. მაღალი პოლიტიკური კულტურის არ არსებობის პირობებში, გამარჯვებული პოლიტიკური პარტია სახელისუფლებო სტრუქტურებში არ უშვებს მაღალი კლასის პროფესიონალებს, თუ ისინი ლოიალურად არ არიან განწყობილი მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო მენეჯმენტის უმაღლეს პოსტებზე ხვდებიან დაბალი კვალიფიკაციის, გამოუცდელი, მაგრამ ლიდერებისადმი ერთგული `პოლიტიკური მოღვაწეები". სწორედ ასეთი ვითარება წარმოშობს ნოყიერ ნიადაგს ელიტარული კორუფციის ფორმირებისა და განვითარებისათვის, მისი სქემა მეტად მარტივი და ადვილად რეალიზებადია.
იკვეთება რაღაც ელიტარული ჯგუფი, უფრო სწორედ ნდობით აღჭურვილთა გუნდი, რომელიც იკავებს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებს. როდესაც ამ გუნდის რაღაც ნაწილის საქმიანობის დაბალი ხარისხი საზოგადოებისათვის მიუღებელი და გამაღიზიანებელი ხდება, იწყება თანამდებობათა ადგილმონაცვლეობა. ე.წ. `კარუსელი~, ისე, რომ გუნდის წევრებს შორის უკმაყოფილო არავინ რჩება. ეს წონასწორობა შენარჩუნდება მანამ, სანამ საზოგადოებიდან ახალი ნეგატიური ტალღა არ წამოვა, შემდეგ კი შეიძლება თანამდებობრივი განლაგების ახალი სქემის შეთავაზება იგივე გუნდის წევრების მონაწილეობით, ან კიდევ თუ ადგილი აქვს მწვავე ეგზოგენურ ზეწოლას, შეიძლება ერთ-ორი ახალი წევრის შემოყვანა, რომელიც რა თქმა უნდა არ იქნება `სხვაგვარად~ მოაზროვნე და დაემორჩილება თამაშის გუნდურ წესს.
სწორედ, გუნდურობის პრინციპი ხელისუფლების (მისი ყველა შტოს) დაკომპლექტებაში წარმოშობს უპრინციპობას, მომთხოვნელობის ლიბერალიზაციას, კრიტიკული, ექსპერტული შეფასებების იგნორირებას და სახელმწიფო მნიშვნელობის უსერიოზულესი გადაწყვეტილებების ნაუცბათევად და ზედაპირულად მიღებას. თუ ამ ვითარებას შევაფასებთ კორუფციული იდეოლოგიის კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ იგი აშკარად შეიცავს მის ელიტარულ გამოვლინებებს.
პირველი, კორუფციაა ის, რომ თანამდებობაზე ინიშნება ის პირი, რომელიც თავისი კვალიფიკაციით, გამოცდილებით და კომპეტენტურობით არ პასუხობს მოთხოვნებს და, შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაეფექტიანია და აფერხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. მეორე, არაკვალიფიციური, გამოუცდელი და არაკომპეტენტური მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე ცდილობს თავის გარშემო შეკრიბოს არა მასზე უფრო განათლებული, არამედ პირიქით, უფრო დაბალი კვალიფიკაციის მქონე მოხელეები, რათა მან არ დაკარგოს ზემოდან ნაბოძები `ლიდერის" მანტია. აქ იწყება ახალი ტალღა უხილავი კორუფციული გამოვლინებებისა. კერძოდ, ახლად დანიშნულმა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელემ თავის ირგვლივ უნდა შემოიკრიბოს საკუთარი გუნდი დაკომპლექტებული ერთგულების, ნათესაობის და სხვა ნიშნებით. ამისთვის კი საჭიროა მისადმი დაქვემდებარებული სამსახურის რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. ამის შეუზღუდავ უფლებას იძლევა დღეისათვის საქართველოში მოქმედი გაუმართავი შრომის კანონმდებლობა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს დამსაქმებელს და არა დასაქმებულს (აღნიშნული კანონმდებლობა აშკარა კორუფციული ხასიათისაა).
ახალი ლიდერის საქმიანობა უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე იწყება მმართველობის სტრუქტურაში დასაქმებული კვალიფიციური და გამოცდილი კადრების დათხოვნით და მათ ადგილზე გაუნათლებელი, გამოუცდელი `მოხელეების~ მიღებით. სქემა კარგადაა დამუშავებული. ახალი ლიდერი იწყებს სამსახურის რეორგანიზაციას, შტატების შემცირებას, რაც აძლევს მას საშუალებას კანონის დაცვით მოიშოროს მისთვის არასასურველი საჯარო მოხელეები. პარალელურად ახალი ლიდერი აგვარებს კაბინეტის კეთილმოწუობის, ავტოპარკის განახლების, ოფისის გალამაზების საკითხებს. შემდეგი ეტაპია ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მოზიდვა და მისთვის სასურველი კადრების გაზრდილი ხელფასებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობის გაზრდა, შედეგად ამისა, ლიდერი იქმნის `მაგარი" ხელმძღვანელის იმიჯს. ყველა მის ქმედებებში იგნორირებულია საქმისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა, ხარჯების ეკონომია, სამართლიანობა და ა.შ. ხელისუფლების გუნდური წესით დაკომპლექტების შემთხვევაში გამოირიცხება კითხვების დასმა, მოვლენათა შეფასება, ანალიზი, ოპონირება და მართვის სხვა დემოკრატიული მექანიზმების გამოყენება. ყველა საკითხი წყდება ერთპიროვნულად, მყისიერად და იმპულსური გადაწყვეტილებებით. სწორედ ასეთ ვითარებაში იწყებს დაბუდებას კორუფციის ბაცილები. მოკლედ რომ ვთქვათ, გუნდურობა სახელმწიფო მენეჯმენტში იწვევს უპრინციპობას, გულგრილობას, უპასუხისმგებლობას, საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელ პიარქმედებებს და საბოლოო ჯამში ქმნის ნოყიერ ნიადაგს ელიტარული კორუფციის აღმოცენება-განვითარებისთვის.
გუნდური მიდგომა სახელმწიფო მენეჯმენტში წარმოშობს კორუფციას დასაქმების სფეროში. კვალიფიციურ მუშაკთა დათხოვნა და მათი ჩანაცვლება უცოდინრებით და გამოუცდელებით ელიტარული კორუფციის თვალსაჩინო ნიმუშია, იგი ღია და შიშველი კორუფციაა, უფრო სწორად კვადრატში აყვანილი კორუფციაა.
ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს დემოკრატიული, სამართლებრივი ღირებულებების დანერგვა. ხელისუფლება, რომელიც მაქსიმალურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს საკუთარ მმართველ გუნდს და თვალს დახუჭავს მათ არაკანონიერ ქმედებებზე, საზოგადოების მხრიდან არ იქნება მხარდაჭერილი. სახელმწიფო მენეჯმენტის სტრატეგია სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების რეალიზაციისაკენ უნდა იყოს მიმართული და არა ჩინოვნიკთა უნიჭო თვითშემოქმედებების წახალისებისკენ, რომლის ძირითადი მიზანი მოკლე დროში მაქსიმალური პირადი მატერიალური და ფინანსური სარგებლის მიღებაა. ეს არათუ ელიტარული კორუფციაა, არამედ ამორალური ქმედებაცაა!
ამ ბოლო პერიოდში ქვეყნის მაღალ სახელისუფლებო ორგანოებში თავი იჩინა თვითკმაყოფილებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებებით. თუმცა როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა ამ მხრივ. მის მიერ ინიცირებულ იქნა წინადადება შექმნილიყო ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლიდა სახელმწიფო მმართველობის უმაღლეს ეშელონებში დასაქმებულთა კორუმპირებულობის დონეს, თუმცა სამწუხაროდ ასეთი ორგანოს შექმნა პრაქტიკულად არ განხორციელდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში ხელისუფლება გაურბის კორუფციის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას, იმ მოტივით, რომ დისბალანსი არ შეიტანოს სახელმწიფო მმართველობის სისტემაში. არის სხვა მოტივიც. კერძოდ, მმართველი ჯგუფი ლოიალურია კორუფციის მიმართ, რადგან ამ მოვლენას იგი იყენებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დასამარცხებლად.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მსოფლიოში არაა შემუშავებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი და ეფექტიანი მეთოდები. არის ისტორიული მაგალითები იმისა, რომ კორუფციის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად კი არ იკლო მისმა დონემ, არამედ, პირიქით, გაიზარდა კიდეც.
ასეა თუ ისე, საქართველოში კორუფცია როგორც მისი ტრადიციული ფორმებით, ისევე, ახალი ინოვაციური სახესხვაობებით საკმაოდ მძლავრია და მის წინააღმდეგ ბრძოლა გადაუდებელი და პრიორიტეტული ამოცანაა. ამასთან, ჩვენს პირობებში მიუღებელია ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდები. მაგალითად ისეთი, როგორიცაა: კორუმპირებულთა მასიური დათხოვნა თანამდებობებიდან. გუნდური წესით დაკომპლექტებულ ხელისუფლებაში ასეთი მიდგომა პრაქტიკულად გამორიცხულია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედარებით ეფექტიანი ხერხია კანონებისა და მისი შესრულების გამკაცრება. ამ მიმართულებით საქართველოში საკმაოდ დიდი რეზერვი არსებობს. საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფო მოხელეთა მატერიალურ-ფინანსური წახალისება (ხელფასის ზრდა, პრივილეგიების დაწესება და ა.შ.), თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთი მიდგომაც ხშირად სასურველ შედეგს არ იძლევა. ჩემის აზრით, საქართველოს დღევანდელ პირობებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიზანშეწონილია შემდეგი ღონისძიებების გატარება: საკანონმდებლო კორუფციული ხვრელების ამოვსება, ბაზრისა და კონკურენციის როლის ამაღლება, საპარლამენტო ფინანსური კონტროლის ქმედითი სისტემის ამოქმედება, საპრეზიდენტო კონსტიტუციური კონტროლის (აუდიტის) მუდმივმოქმედი ორგანოს შექმნა, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაზე ზედამხედველობა. სამწუხაროდ, დღევანდელ ეტაპზე საქართველოში სახელმწიფო კონტროლი არაეფექტურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს.
РЕФЕРАТ
ЭВОЛЮЦИЯ КОРРУПЦИИ: НОВЫЕ ВИДЫ И ФОРМЫ
Яков Месхия
Доктор экономических наук,
профессор
Коррупция в мире постепенно растет и сегодня уже нет стран, которые могли бы считаться полностью свободными от коррупции. Согласно последнему исследованию антикорупционного Центра «Transparensy International», Грузия по индексу восприятия коррупции среди 180 стран мира занимает 79-е место, что указывает на достаточно высокий уровень коррупции. В большинстве случаев коррупция проявляется в ее традиционной форме в виде хищения части национального богатства коррумпированными чиновниками. После розовой революции масштабы коррупции в Грузии существенно снизились, однако в последние годы она опять начала расти. Основными источниками коррупционного обогащения государственных служащих является расходная часть государственного и местных бюджетов. В частности, государственные закупки, инвестиционные проекты, бюджетные фонды, иностранные кредиты и гранты, а так же приватизация государственного имущества и международная торговля. Часть государственных ресурсов сознательно направляется в сомнительные финсовые каналы, где их легче всего можно присвоить. В последние годы в Грузии происходит эвалюция форм и методов коррупции. В сфере государственного менеджмента появился новый вид коррупции - элитарная коррупция. Она в основном проявляется в виртуальной форме в процессе реализации кадровой политики. Расстановка и передвижение служащих на высшем уровне государственной власти осуществляется не по критериям профессиональности и компетентности, а по личным отношениям, по принципу местничества, родства и партийной принадлежности.Последние инициативы президента Грузии по усилению борьбы с коррупцией пока далеки от практического исполнения. Для решения этой задачи необходимо закрытие коррупционных лазеек в действующем законодательстве, повышение роли рынка и конкуренции, усиление парламентского и финансового контроля и создание такого антикоррупционного механизма, каковым может служить орган конституционного контроля (аудита) при президенте страны.
No comments:
Post a Comment