Dec 15, 2012

დაუჯერებელი სინამდვილე. დაუჯერებელი სიმართლე. დაუჯერებელი ვანდალიზმი.



 
საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდა და კვლავაც გრძელდება სამი დაუჯერებელი რამ:

დაუჯერებელი სინამდვილე
-         დაუჯერებელი სიმართლე
 - დაუჯერებელი ვანდალიზმი

დაუჯერებელია სინამდვილე, რომელიც ერმა მტკივნეულად იგრძნო  ქუთაისის დიდების მემორიალის, ანუ „ქართული ბიბლიის“ აფეთქებით. ეს ტკივილი დღესაც უღრმეს იარად აზის ყოველი ქართველის გულს და ამდენად, ის არ შეიძლება დამთავრებულ პროცესად ჩაითვალოს. მეტადრე, რომ გრძელდება წმინდანთა ძეგლების ხელყოფა. ხელისუფლება აპირებს გაასამოს მკრეხელობის სულისშემძვრელი ფაქტები - თბილისში აღმაშენებლის და ბათუმში წმინდა ილია მართლის ძეგლების გადაადგილებას უნდა დაუმატოს ქუთაისში წმინდა დავით აღმაშენებლის ძეგლის ტრანსპორტირება;


დაუჯერებელია სიმართლე, რომელმაც ასახვა ჰპოვა ცნობილ მეცნიერთა მონაწილეობით მოძრაობა „თეთრების“ მიერ მომზადებულ მეცნიერულ კვლევაში. ეს გახლავთ ეკონომიკური, სოციალური, მორალური, პოლიტიკური, სამართლებრივი დასკვნა, წაყენებული საქართველოს ხელისუფალთა მიმართ ქართველი ხალხის მიმართ წარმოებული გენოციდისათვის. მეცნიერთა, პრაქტიკოს-ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ჯგუფმა მეცნიერულად დაამტკიცა, რომ საქართველოსი მიმდინარე  პროცესებში შეიმჩნევა სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილი გენოციდის ყველა სახის  ნიშნები. წარმოუდგენელია უფრო მძიმე რამ გაუკეთო საკუთარ ხალხს და უფრო მძიმე ბრალდება წაგიყენოს ხალხმა.

დაუჯერებელია ვანდალიზმი, რომელიც გამოიჩინა უმაღლესმა ხელისუფალმა ქართველი ერის მიმართ. მარტოოდენ მართალი ქართული სიტყვით შეიარაღებული ერის საუკეთესო შვილებს თავს დაესხნენ კბილებამდე შეიარაღებული შუა საუკუნეების ბნელეთის მოციქულები აზროვნებით და ოცდამეერთე საუკუნის ვანდალები აღჭურვილობით. გამოყენებულ იქნა ფიზიკური და მორალური ზემოქმედების და წამების სრული სპექტრი.


ხელისუფლებამ ხელი აღმართა მის მიერვე  გაუბედურებულ, შეურაცხყოფილ, დამცირებულ ერზე;

ხელისუფლებამ ხელი აღმართა სიმართლისმაძიებელ მოხუცებსა და ბავშვებზე;

ხელისუფლებამ ხელი აღმართა ერის საუკეთესო შვილებზე; საჭადრაკო სამყაროსა და საქართველოს  ჭეშმარიტ ხუთგზის დედოფალზე, მსოფლიოს  და ოლიმპიურ ჩემპიონებზე, სახალხო არტისტებზე და მხატვრებზე,, პოეტებზე, დამსახურებულ არქიტექტორებზე, ინჟინრებზე, ექიმებზე, პედაგოგებზე.

¤   ¤    ¤

ქვეყნის მრავალსიტყვა და სიტყვაგამტეხ ვითომ პრეზიდენტს არასდროს წარმოუთქვამს სიტყვები: სინდისი, პატიოსნება, ნამუსი, ტრადიცია. ადათი.

სინდისზე რომ ისაუბროს, მოეკითხება ასობით უკანონოდ მოკლულზე, ათიათასობით უკანონო პატიმარზე, მილიონობით დამშეულზე და გაუბედურებულზე;

პატიოსნებაზე რომ ისაუბროს, პასუხი უნდა აგოს ელიტარული კორუფციისათვის, საბიუჯეტო თანხების და შვილიშვილების  გადასახდელი უცხოური ვალების გაფლანგვისათვის, ყოვლად უხარისხო, სხვათა საჩვენებლად წარმოებული ინფრასტრუქტურული მშენებლობისათვის;

ნამუსი რომ ახსენოს, უნდა ისაუბროს მინისტრ, დეპუტატ, მომღერალ და ა.შ. და ა.შ პირად ხარჭებზე, რომლებსაც ხელფასს უხდის მთელი ერი;

ტრადიციებზე საუბარი აუცილებლად უნდა გაარძელოს, თუ როგორ ებრძვის  მართლმადიდებლობას,
ქართულ ენას - უპირველეს  სალოცავ ხატს ყველა დროის ქართველისა,
ქალიშვილობის ინსტიტუტს - დამცავს ქართული ასულის ლეჩაქის სიწმინდისა, ასაკობრივ უმცროს-უფროსობას - განმწესრიგებელს უფროსთა პატივგებისა და უმცროსთათვის ყველა გზის გახსნისა;

ადათი თუნდაც ერთხელ რომ ახსენოს, სად წაუვა ქართველთ ადათს, თაყვანი სცეს დიდ ქართველთა სახელებს, რომელთა ნაწილი ეკლესიამ ერის სურვილით წმინდანებად შერაცხა. მან კი წმინდანთა ქანდაკებები ბორბლებზე შედგა, სიმყუდროვე დაურღვია მათ სულებს. აქ აღარაფერს ვამბობ აფეთქებულ „ქართულ ბიბლიაზე“

ჩვენ ცხოვრება განვლეთ სინდის-ნამუსიანი ქცევით, პატიოსანი დამოკიდებულებით საქმისადმი და ადამიანებისადმი. ჩვენ გვაქვს ტრადიციული ქართული ოჯახები, რომლებშიც იცავენ ადათ წესებს.

ვერც ერთი ამ კრიტერიუმით ვერ დაიკვეხნის დღევანდელი მმართველი ელიტა. როგორ შეიძლება ოჯახის სიწმინდეზე ისაუბროს საზოგადოების  ყოვლად ამორალურმა იმ ნაწილმა, სადაც წესად დამკვიდრდა საკუთარი შვილების მიტოვება, მრავალჯერადი ქორწინება, ქორწინება შვილის ტოლ ქალბატონებზე

 ხელისუფლება ხშირად ამაყობს  გენდერული თანასწორობის თემით. დიახ,  საქართველოს ისტორია ძნელად გაიხსენებს პერიოდს, როდესაც ამდენი სიძვის დიაცი, უფრო სწორად, უმაღლესი ხელისუფალის ამდენი ხარჭა ყოფილიყო უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში და სახელოვნებო დარგების ახალგაზრდა წარმომადგენელთა თანავარსკვლავედში.  მათხოვრული პენსიებისა და ტოტალური უმუშევრობის პირობებში მათი ყოველთვიური ოფიციალური ხელფასი ასი ათას ლარს, ზოგჯერ ორჯერ მეტს აღწევს, რაც პრემიებისა და სხვა  შემოსავლების ხარჯზე ორმაგდება და ეს ხდება კანონმორჩილი გადასახადების გადამხდელი, გასაცოდავებული მოსახლეობის ხარჯზე. ეს ხდება იმ ბიუჯეტის ხარჯზე, რომლის ძირითადი შემოსავლები  გახლავთ ათასგვარ დაჯარიმებული, ხშირად სრულიად უდანაშაულო რიგითი მოქალაქეებიდან ამოღებული თანხები

¤   ¤    ¤


დიახ, ჩვენ გადავდივართ შეტევაზე!

მაგრამ ეს გახლავთ არა ძლადობრივი, არამედ ინტელექტუალური შეტევა;

დიახ, ჩვენ ვიწყებთ შტორმს ქართულ საზოგადოებაში!

მაგრამ ეს იქნება შტორმი მოქალაქეთა გონებაში,მიმართული არსებული მჩაგვრელი ხელისუფლების წინააღმდეგ;

დიახ, ჩვენ ვდგავართ რადიკალურ პოზიციებზე!

მაგრამ ჩვენ საზოგადოებაში ვახორციელებთ ინტელექტუალურ რადიკალიზაციას.


¤   ¤    ¤



სახალხო კრება არის ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი და არა ხელისუფლებაში მოსვლის მექანიზმი

ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს არა არსებული ხელისუფლების მიერ, არამედ ყველა პოლიტიკური ძალის მიერ პარიტეტულ საწყისებზე. ოპონენტებს ვთხოვ,  დაასახელონ თუნდაც ერთი არჩევნები ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ რეგიონში, რომელიც ხელისუფლებამ ჩაატარა ალალად, უხეში ძალადობისა და პრინციპული გაყალბების გარეშე.

ვინაიდან ამგვარი პოლიტიკური აზროვნება უცხო ფენომენია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხელისუფლება და, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი მანიპულირებს - ძალაუფლებისადმი ჩვენი ლტოლვისა და ძალით ხელში ჩაგდების თემით.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენ მომხრე ვართ მხოლოდ არჩევნების გზით გამარჯვებელთა ხელისუფლებაში მოსვლისა, მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო გარემოს შექმნის შემდეგ, რაც გულისხმობს ისეთი აუცილებელი პირობების შესრულებას, როგორიცაა:
             -  ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი თუნდაც ერთი ტელეკომპანიის არსებობა (სასურველია ტელეკომპანია „იმედი“ დაუბრუნდეს პატრონს);
 - მიღებულ იქნება კანონი სახელმწიფო აპარატის შესახებ, ანუ დეპოლიტიზირებულ იქნება სახელმწიფო აპარატი;
 - სრულად იქნება დეპოლიტიზირებული სასამართლო, შეიარაღებული ზალები, პოლიცია, მედია.

 ერთხელ კიდევ ხაზს ვუსვამთ, ახლანდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას  უფლება უნდა მიეცეს  მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და არა  ჩაატაროს არჩევნები ისე, როგორც ის ატარებს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. მას პოლიტიკური და მორალური უფლება აღარ აქვს ჩაატაროს არჩევნები.

„ნაციონალების“პარტია ფონეტიკურად, ისტორიულად, იდეოლოგიურად გვაგონებს უმძიმეს ისტორიულ გაკვეთილს, კერძოდ:

.ნაციონალური პარტია სახელითაც მიგვანიშნებს, რომ გახლავთ ნაცისტების პირდაპირი შთამომავალი. ქართველი ნაცისტები მიზანმიმართულად მუშაობენ, რათა წაშალონ დიადი გამარჯვების სიამაყე ქართულ ცნობიერებაში. ისინი მომავალ თაობებს უნერგავენ აზრს, რომ ფაშიზმთან ბრძოლა იყო ბრძოლა სხვისი ინტერესებისათვის, რითაც ბილწავენ გარდაცვლილთა ხსოვნას, უდიდეს შეურაცხოფას აყენებენ მათ იჯახებს და შთამომავლობას, რითაც აყალბებენ ისტორიას, რომელშიც  ქართველები შევიდნენ არანაკლები სიდიადით, ვიდრე, ამერიკელები, ინგლისელები, ფრანგები პოლონელები და ანტიჰიტლერული კოალიციის სხვა დიდი (თუ მრავალრიცხოვანი) ხალხები.

ისტორიის, ხაზს ვუსვამთ, მსოფლიო ისტორიის გაყალბებასაც კი შეეჭიდნენ პრეზიდენტის ტაკი-მასხარა ისტორიკოსები და ხელისბიჭი - ნათელ მირონი მინისტრები. უკანასკნელი მაგალითი  სრული  სამეცნიერო-პოლიტიკური მარაზმისა  გახლდათ გამარჯვების დღის აღნიშვნა 8 მაისს, მხოლოდ ერთს ვურჩევთ ყველა ოპონენტს, წაიკითხონ უდიდესი ამერიკელის და ერთ-ერთი უპირველესი პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რეზველტის შვილის და თანაშემწის, ელიოტ რუზველტის მოგონებები, გამოსული ომის დამთავრებისთანავე. იქნებ მაშინ მაინც გაიგონ, რა დოკუმენტს მოეწერა ხელი 8 მაისს და რა დოკუმენტს - 9 მაისს

¤   ¤    ¤


კიდევ ერთი მაგალითი ისტორიის გაყალბებისა და უზნეობისა...

უცხო ქალაქის სტუმარი აუცილებლად იმახსოვრებს სასტუმროს დასახელებას,  სადაც თუნდაც ერთი ღამე გაათია. ჩვენში კი რას დაიმახსოვრებს?!
საქართველოს თვალი მარგალიტის, ულამაზესი აჭარის საპატივცემულოდ სასტუმროს თავის დროზე  ეწოდა სახელი, რომელიც უკეთურებმა ქართველისათვის სრულიად გაუგებარი სახელით „ჰოლიდეი ინ“- ით შეცვალეს. სამაგიეროდ, კარგად გასაგებია წარსულში საამაყო „ივერიის“ სახელცვლილება, შემდგარი სამი სიტყვისაგან. პირველი რედისონი თუ რადისონი სასტუმროთა ქსელს აღნიშნავს, სიტყვა „ ივერიას“ უკანასკნელი ადგილი ერგო.  შუაში კი  სამარცხვინო „ბლუ“  ჩაურთეს,. „ბლუ“ ქართულში ენადაბმულს, ენაბრგვილს ნიშნავს, ინგლისურიდან ნათარგმნი კი „ცისფერს“ მაგრამ არა იმ „...ლურჯსა ფერს ...ცისა ფერს“... არამედ იმ ცისფერს, რომელთა უცხოტომელი, სქესდაკარგული, თუ სქესაღრეული, წითელსარაფნიანი  მამრდედლები არც ისე დიდი ხნის წინ ღამის პეპლებივით დაფარფატებდენ დღისით, მზისით იქ,სადაც დიდი დავითის ძეგლი იდგა. ახლა გასაგებია, რატომ გაიტანა ხელისუფლებამ წმინდანის ძეგლი და რას ანიჭებს უპირატესობას.


¤   ¤    ¤


ხელისუფლების უკანასკნელი უწმინდური, არაადამიანური ქმედება 26 მაისს გახლდათ საერთაშორისო ვალდებულებების სრული იგნორირება  და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე 11 მუხლი მონაწილე სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებებს სახელმწიფომ უშუალოდ არ აკრძალოს დემონსტრაცია, არამედ პოზიტიურ  ვალდებულებასაც - სახელმწიფომ უზრუნველყოს დემონსტრაციის მშვიდობიანი ჩატარება, მათ შორის, დაიცვას დემონსტრანტები მათი იდეური მოწინააღმდეგისაგან.  როგორ დაიცვა სახელმწიფომ მომიტინგეები, ნაწილმა იხილა, ნაწილმა კი თავზე  გამოსცადა.

საყურადღებოა, რომ ასეთი ქმედების უფლება  სახელმწიფო მანქანას არ აქვს არათუ მშვიდობიანობის პერიოდში. არამედ განსაკუთრებულ შემთხვევებშიც და რამეთუ იმავე კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია : „...საგანგებო მდგომარეობის არსებობის შემთხვევაშიც კი სახელმწიფოს , რომელმაც ხელი მოაწერა კონვენციას უფლება არ აქვს... არასათანადოდ მოეპყრას პირს. კონფლიქტის არანაირი დონე ...არ ამცირებს პირის უფლებას, დაცულ იყოს არასათანადო მოპყრობისაგან“ საქართველოს მთავრობამ ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო სამართლის ეს მოთხოვნაც მხოლოდ ერთი მიზნით, ხელი არ შეშლოდა უღირს მთავარსარდალს მიეღო სრულიად დაუმსახურებელი მხედრული სალამი ღირსეული ქართველი ჯარისკაცებისაგან.

განვითარებული მოვლენების შედეგად მიღებულ იქნა მდგომარეობა, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ძალის გადაჭარბების შედეგად სხვადასხვა ხარისხის ფიზიკური ზემოქმედება. ადგილი ჰქონდა მასობრივ წამებას. წამებას არა მხოლოდ მონაწილეებისა, არამედ მათი ოჯახის წევრებისა, მეგობრებისა,  ნათესავებისა და ერის საღად მოაზროვნე ნაწილისა მთლიანად. ვინაიდან ხსენებული კონვენვენციის მიხედვით „წამება ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც საშინელი ტკივილი ან ტანჯვა, არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკური თუ სულიერი, განზრახ მიადგა პირს...“ აღნიშნული განმარტების მიხედვით წამების თანამონაწილე გახდა ისეთი ჰუმანური უწყებაც კი, როგორიცაა ჯანდაცვის სამინისტრო, რომელმაც საავადმყოფოებში განთავსებულთა სიების დამალვით დიდი სულიერი  ტრამვა მიაყენა ქვეყნის მოსახლეობის იმ  ნაწილს, რომელიც ჯერ არ მოწამლულა ნაციონალების ბაცილით.

საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფალი, რომელიც თავისი  ქმედებით საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით  აწამებს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას.

ხალხმა უკვე გადაწყვიტა, ვისთან უნდა იყოს, ვის წინააღმდეგ.  ჯერი პოლიტიკოსებზეა: რამდენად ღირსეულია ქვეყნის მწამებელთან არჩევნების მექანიზმზე სჯა-ბაასი.

No comments:

Post a Comment